weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რა ნიშნით შეარჩია ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მრჩეველი

21:25 სამშაბათი, 06 მარტი 2018

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილმა თავის მრჩევლად ილია იობაშვილი დანიშნა, რომელსაც საჯარო სამსახურში არცერთი დღე არ უმუშავია. ილია იობაშვილი ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტი იყო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის ანგარიშზე 40 000 ლარი ჩარიცხა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ილია იობაშვილი რუსეთის მოქალაქეცაა.

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის დეიდაშვილია, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებ ილია იობაშვილთან შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 16 თებერვალს გააფორმა. თავმჯდომარის მრჩევლის ხელფასი თვეში 1250 ლარით განისაზღვრა, რაც საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ხელფასს თითქმის 2-ჯერ აღემატება.

ხელშეკრულების მიხედვით, მრჩევლის ვალდებულებები ტრაფარეტულია: „საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობაში ორგანიზაციული და საინფორმაციო კუთხით რჩევების შემუშავება, მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სფეროში შემუშავებულ წინადადებებზე რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა“.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ილია იობაშვილი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. მან 1991 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სპეციალობით. 1992-1996 წლებში სოფელ კისისხევში მდებარე პურსაცხობში წარმოების უფროსად მუშაობდა.

ილია იობაშვილი საკრებულოში წარდგენილ ავტობიოგრაფიაში წერს, რომ 1996-2014 წლებში ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა მისი ვინაობა სამეწარმეო რეესტრის მონაცემთა ბაზაში საერთოდ არ ფიქსირდება.

რამდენიმე წყარომ „რეგინფოს“ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ილია იობაშვილი აღნიშნულ პერიოდში ძირითადად საზღვარგარეთ ცხოვრობდა - ჯერ რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ კი ისრაელში. ამასთან, მან ამ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა ისე მიიღო, რომ საქართველოს მოქალაქეობაც შეინარჩუნა. შესაბამისად, დღეისათვის იგი ერთდროულად სამი სახელმწიფოს მოქალაქეა.

კონსტიტუციისა და ორგანული კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ავტომატურად იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას. ამ საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს პრეზიდენტის დისკრეციას და პირს ავტომატურ რეჟიმში ჩამოერთმევა საქართველოს მოქალაქეობა, თუ დადასტურდა, რომ იგი უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდა. 

„რეგინფომ“ გამოარკვია, რომ შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ილია იობაშვილი სამსახურში საერთოდ არ გამოცხადებულა. ვინაიდან იგი საკრებულოს თავმჯდომარის პირადი მეგობარია, ამიტომ სხვა პრივილეგიებითაც სარგებლობს. კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ მას სარგებლობაში თავის კერძო ავტომანქანა გადასცა და სამსახურებრივი ბენზინითაც ამარაგებს. რამდენიმე თვითმხილველმა „რეგინფოს“ დაუდასტურა, რომ ილია იობაშვილმა ახმეტაში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე საკრებულოს ტალონებით შეიძინა 100 ლიტრი ბენზინი და სოფელ კისისხევში წაიღო. ცნობისათვის, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუჯეტის ხარჯზე თვეში 600 ლიტრი ბენზინი აქვს გამოყოფილი.

არაერთი მცდელობის მიუხედავად „რეგინფომ“ ილია იობაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო. სამსახურში მას 4-ჯერ მივაკითხეთ, მაგრამ არ აღმოჩნდა, მობილური ტელეფონი კი გამორთული აქვს.

საკრებულოს თავმჯდომარის თამარ ყეინიშვილის განმარტებით, ილია იობაშვილი მისი სტუდენტობის მეგობარია. „ილია არასდროს ყოფილა ბურჯანაძის პარტიის აქტივისტი და არც თანხა ჩაურიცხავს, აბსურდია ეგ ამბავი. საქართველოს მოქალაქე ნამდვილად არის და სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც თუ აქვს, არვიცი. არ არის აუცილებელი საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს. ის ჩემი სტუდენტობის მეგობარია, კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ რჩევებს მომცემს. სხვა კითხვებზე აღარ გიპასუხებთ“, - განაცხადა ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ.

 

მსგავს თემაზე:

ახმეტის მერმა ქვემო ალვანში წარმომადგენლად კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერი დანიშნა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]