weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს გენდერული კვოტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

15:03 ხუთშაბათი, 08 მარტი 2018
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს გენდერული კვოტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ ფოტო © მარიამ მორჩილაძე

118 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, პლენარულ განხილვაზე მხარი დაუჭიროს 37 455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანიც ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზურუნველყოფის ხელშეწყობაა. ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ პრესკონფერენცია გამართეს და ერთობლივი მიმართვა წაიკითხეს.

2017 წლის 12 ივნისს, 37 455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.

„შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%.

საქართველოში მოსახლეობის 52.3% ქალია, თუმცა არჩევით თანამდებობებზე ქალების წარმომადგენლობა შეუსაბამოდ დაბალია. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 16% მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატების 13.46%-ია ქალი.

 ამ მაჩვენებლებით, საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მიუხედავად უკანასკნელ წლებში არჩეულ ქალთა რაოდენობის მცირე ზრდისა, არსებული ტემპებით საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას ათეული წლები დასჭირდება.

გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალებს არჩევნებში კანდიდატებად დასახელებისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვა უწევთ. ქალთა წარმომადგენლობას ხელს არ უწყობს საქართველოში დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემაც.

არსებული ბარიერების დაძლევა თანასწორობის უზრუნველსაყოფად ქმედითი ზომების გატარებას მოითხოვს. პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირება, სწორედ საკანონმდებლო, დროებით ზომას წარმოადგენს ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკაში თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალების რაოდენობა პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში ძალიან ცოტაა და მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას, რაც 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერითაც დასტურდება. 

საქართველოს სახელმწიფომ 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, ქალთა და მამაკაცთა შორის უთანასწორობის აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის, მათ შორის განსაკუთრებული ზომების გატარების, ვალდებულება, აიღო. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულება არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, მათ შორის „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW) კონვენციიდან. კონვენციის ფარგელებში არსებული კომიტეტის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მიერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენის შემდეგ შემუშავდა აღნიშნულია, რომ საქართველოს ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას გენდერული

თანასწორობის განსამტკიცებლად, მათ შორის მიიღოს სავალდებულო ზომები ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირთან ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 შეიცავს ახალ ვალდებულებას საქართველოსთვის, გადადგას აქტიური ნაბიჯები პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს აძლევს ისტორიულ შანსს, ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას. მისასალმებელია, რომ საკომიტეტო განხილვის ეტაპზე, კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული განვითარების კომიტეტებმა.

მოვუწოდებთ პარლამენტს დროულად განიხილოს საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე. უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოავლინონ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მკაფიო პოლიტიკური ნება და დაუჭირონ მხარი საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივას“ - ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

მიმართვის ხელისმომწერ ორგანიზაციებს შორის არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ქალთა ფონდი საქართველოში, ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი, კავშირი „საფარი“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, თანასწორობის მოძრაობა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მწვანე ალტერნატივა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]