weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2013 წელს პატრიარქმა თავიდან აგვარიდა აბსოლუტურად არასწორი განვითარება – კობახიძე

16:06 კვირა, 11 მარტი 2018

მინდა, საქართველოს პატრიარქს 2013 წელს გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რადგან მან თავიდან აგვარიდა აბსოლუტურად გაუაზრებელი ნორმების ამოქმედება, რომელიც შეეხებოდა სამხარეო თვითმმართველობას, მუნიციპალიტეტების დაშლას და საზოგადოებრივი საბჭოების აბსოლუტურად არასწორი ფორმით ამოქმედებას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“.

პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვას, შეთანხმებულია თუ არა თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგია საპატრიარქოსთან, რათა აღარ შეიქმნას ის ვითარება, როგორც 2013 წელს იყო, როდესაც პატრიარქის ქადაგების შემდეგ თვითმმართველობის კოდექსიდან ამოვარდა ნორმები, რომლის მიხედვითაც, გუბერნატორები ანგარიშვალდებული უნდა გამხდარიყვნენ საზოგადოებრივი საბჭოების წინაშე.

„რეალურად, ეს იყო მიზეზი კრიტიკის და არა ის, რომ დეცენტრალიზაცია ხორციელდებოდა. პირიქით, რაც თავის დროზე კეთდებოდა, იმის შედეგი რეალურად, დეცენტრალიზაცია არ იყო. თითოეული ნაბიჯი, რომელიც საბედნიეროდ, შემდეგ აღარ გადაიდგა, აბსოლუტურად გაუაზრებელი იყო და კიდევ ერთხელ მადლობა პატრიარქს იმისთვის, რომ მან თავიდან აგვარიდა აბსოლუტურად არასწორი განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დეცენტრალიზაცია არის არა დაშლა, გამსხვილება ან გაერთიანება, არამედ ეს ნიშნავს მეტ უფლებამოსილებას და რესურსებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის.

„ეს ყველაფერი სახელმძღვანელოებში წერია. რაც წერია სახელმძღვანელოში, ისიც კი ვერ გაიზარეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაიყვანეს პროცესი. პროცესი იყო აგებული იმაზე, რომ უნდა შეცვლილიყო ტერიტორიული საფუძვლები, ინსტიტუციური მოწყობა და აქცენტი საერთოდ არ კეთდებოდა დეცენტრალიზაციაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვახერხეთ და ეს გაუაზრებელი გადაწყვეტილებები თავიდან ავირიდეთ, რაშიც თავისი დამსახურება ჰქონდა საპატრიარქოს. რაც შეეხება დეცენტრალიზაციას, დეცენტრალიზაციის წინააღმდეგი საქართველოს პატრიარქი და საპატრიარქო არ იქნება. საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენი საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად განხორციელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა დეცენტრალიზაციის წინააღმდეგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ადგილზე გადაწყვეტილების მიმღებ ერთ–ერთ ორგანიზაციად მოიაზრება, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2015 წლიდან, რაც ის პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანია, პროცესები ადგილობრივ თვითმმართველობაში ისე წარიმართება, როგორც უნდა წარიმართებოდეს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების. ამაზე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვისაუბრო. შესაძლოა იყოს ექსცესები, ინდივიდუალური შემთხვევები, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობები გადაწყვეტილებას დღეს დამოუკიდებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებენ“,

– აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დაამტკიცა. კოდექსით თვითმმართველი სტატუსი 7 ქალაქს მიენიჭა და გამგებლის (მერი) პირდაპირი წესით არჩევა გახდა შესაძლებელი. სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან შეიქმნა მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო „სამხარეო საკონსულტაციო საბჭო“. კანონპროექტის თავდაპირველი რედაქციის მიხედვით, გუბერნატორები ანგარიშვალდებულნი უნდა ყოფილიყვნენ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საკონსულტაციო საბჭოების წინაშეც. საბჭოებს გუბერნატორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უფლებაც უნდა ჰქონოდათ.

„ჩვენი პარლამენტი და ჩვენი ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე, კანონზე. ეს მეტად რთული საკითხია. ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ, დარღვევისკენ. ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ამას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს“, – განაცხადა ილია მეორემ 2013 წლის 4 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]