დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის აშშ-ის პარლამენტის სპიკერთან პოლ რაიანთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერთან, კონგრესმენ ნენსი პელოსისთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერთან კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან.
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კონგრესში გამართულ კონფერენციაში „აშშ-საქართველოს პარტნიორობა“, რომელიც ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით იმართება. პრეზიდენტი ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და სამუშაო სადილზე შეხვდება ატლანტიკური საბჭოს, NDI-ისა და IRI-ის ხელმძღვანელობას, მონაწილეობას მიიღებს ასევე, ჰადსონის ინსტიტუტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოვა ფონდში Heritage. ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ის კაპიტოლიუმში კი საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მიღება გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციის წევრები - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.