weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით უსუფაშვილი - მთავრობამ რუსეთისთვის მიმართვის თემა სასწრაფოდ უნდა დახუროს

10:03 სამშაბათი, 13 მარტი 2018

„სამწუხაროდ, შევცდით. რუსეთმა ისარგებლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ემოციური გულწრფელობით გაჟღენთილი და პოლიტიკური გათვლებისგან დაცლილი მიმართვით“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით.

უსუფაშვილის თქმით, რუსეთმა ჩვეული ცინიზმით მკაფიოდ მიგვითითა, რომ „ზოგადად მოსკოვში, და არა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში, ყურადღებით გაეცნენ პრემიერ-მინისტრის მიმართვას; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო მიმართვას რუსეთის მხრიდან შეესაბამება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის რიგითი კომენტარი; რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო იმ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე დარჩა; მიესალმებიან საქართველოს მზაობას იყოს უფრო კონსტრუქციული ჟენევის პროცესის უახლოეს რაუნდზე; მათთვის აბსოლუტურად სულ ერთია თავად პრემიერი ჩაერთვება ჟენევის პროცესში თუ ვინმე სხვა უხელმძღვანელებს დელეგაციას;  საქართველო, როგორც იქნა, გონს მოვიდა და მზადაა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი სახელმწიფოთაშორისი დიალოგი დაიწყოს;  მოქალაქე ტატუნაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი საქართველომ სუვერენულ სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგით უნდა მოაგვაროს და ამაში რუსეთი ვერაფრით დაგვეხმარება, რადგან ეს სცილდება რუსეთსა და დარჩენილ საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების სფეროს; და საერთოდ, ამ ყველაფრის სანაცვლოდ რუსეთი დიდსულოვნად გვიქებს გამოსწორების მცდელობას!“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ახლა საჭიროა შეცდომას შეცდომა არ დავუმატოთ, შეცდომის წარმატებად გასაღება არ მოვინდომოთ და აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე ახალი თაობის რუსულ მახეში არ შევაბიჯოთ: „მთავრობის მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნება თემის სასწრაფოდ დახურვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე და მშრალი განცხადებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა მორიგ ჯერზე არ ისარგებლა საქართველოს მთავრობის კეთილი ნების ნაბიჯით, რის გამოც ვწუხვართ. წერტილი. მიმართვაში თუ საპასუხო კომენტარში წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის რუსეთთან საჯარო კომუნიკაციაში შემდგომი განხილვა-განმარტება-დაზუსტება მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება“.

უსუფაშვილის თქმით, იმედი აქვს, მთავრობის შიდა პოლიტიკური ოპონენტებიც სათქმელს იტყვიან, მაგრამ ჩათვლიან, რომ თემის შემდგომი პედალირებით საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო დასუსტდება: „არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს ყველამ ერთად უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ცხედრის გადმოსასვენებლად, მათ შორის იმასაც, რაც არ უნდა გაეკეთებინა და რამაც მათი შვილის სათაყვანებელ სამშობლოს ახალი საფრთხეები შეუქმნა. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა უნდა გავათავისუფლოთ უმძიმესი მორალური წნეხისგან და მივცეთ მეტი დრო და საშუალება დემოკრატიული საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით გაუმკლავდეს ამ პრობლემას“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 მარტს უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას, რომელიც მან 9 მარტს გამოაქვეყნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]