„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში თუ რამ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბოლო დღეებში მან მოისმინა „უამრავი აბსურდული შეფასება“ რუსეთის ხელისუფლებისადმი მის მიმართაზე.
„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რათქმაუნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია, უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ქვეყნის ინტერესების განუხრელი, თანმიმდევრული დაცვა, იმ მანდატის აღსრულება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა და ქვეყანაში სტაბილური ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი მიზანი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას 9 მარტს მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. მიმართვაში კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერის განცხადებით, მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს. მისივე თქმით, მთავრობა მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას 12 მარტს გამოეხმაურა. საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთი მიესალმება „დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის თაობაზე“.