„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შს მინისტრის პრესმდივანმა შტეფან მეიერმა განაცხადა, რომ საქართველოდან და სომხეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მაღალია, თუმცა დადებით პასუხს განმცხადებელთა ძალიან მცირე რაოდენობა იღებს.
„უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს აღიარება, ვფიქრობ, სავსებით მისაღებია, მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობა ამას უჭერს მხარს“, – აღნიშნა სტეფან მეიერმა.
გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მონაცემებით, 2017 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 3462-მა და სომხეთის 3857-მა მოქალაქემ მოითხოვა.
2014 წლის სექტემბერში გერმანიამ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში სერბეთი, მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა შეიყვანა. მოგვიანებით აღნიშნულ სიაში ალბანეთი, კოსოვო და მონტენეგროც შევიდნენ.