კვირიკაშვილის თქმით, ორგანიზაციის შეფასება აბსოლუტურად არაობიექტურია.
„2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოვიდა და მას შემდეგ შეიცვალა რამდენიმე პრემიერი, მაგრამ მთავარი ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა, დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხში აყვანაა. ეს არის მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, ადამიანის უფლებების დარგში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია, მარტო სტრასბურგის სასამართლოში 2010-2011 წლებში, წელიწადში 350-დან 400-მდე საჩივარი იყო. წელს ეს რიცხვი არის 70-ს ქვემოთ, რაც ჩემი აზრით, უდიდესი პროგრესია, თუმცა არა თვითკმაყოფილების საბაბი. ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ მართლაც ევროპული დემოკრატია შევქმნათ.
„Freedom House-ის შეფასება აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციაზეა დაყრდნობილი. ვფიქრობ, რომ Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ავრცელებს ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Freedom House-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო გარდამავალი მთავრობის ან ჰიბრიდული რეჟიმის კლასიფიკაციაშია. დემოკრატიის მაჩვენებლით, საქართველოს 4,68 ქულა აქვს (1 ქულა ნიშნავს ყველაზე დემოკრატიულს, ხოლო 7 კი ნაკლებად დემოკრატიულს), 2017 წელს კი 4,61 ქულა ჰქონდა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა თავისუფალი მედიისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით.