weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის ტელევიზიას კრიმინალის გაშუქების გამო აკრიტიკებს

11:54 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი აჭარის ტელევიზიას კრიმინალური შემთხვევების გაშუქების გამო აკრიტიკებს. დეპუტატის უკმაყოფილება ბათუმში ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სიუჟეტის მომზადებას უკავშირდება.

ირაკლი ჭეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაუწყებლის მიერ ამ ამბის გაშუქების უკან შესაძლოა პოლიტიკური კონტექსტი იყოს.

აჭარის ტელევიზიამ 16 და 17 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ბოლო ერთ კვირაში ერთიდაიგივე მარკის ორ ავტომანქანას ფარები მოპარეს და დააზიანეს. ქურდობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„სამწუხარო ფაქტია ნამდვილად. ავტომობილის მფლობელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. მაინტერესებს აჭარის ტელევიზია ვინ გამოიძახა?! ან რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ნიუსად ქცეულიყო, თუ რა თქმა უნდა პოლიტიკური კონტექსტი არ ახლავს. მართლა მაინტერესებს“, – წერს ირაკლი ჭეიშვილი „ფეისბუქში“.

მოგვიანებით „ბათუმელებთან“ ინტერვიუში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა განმარტა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო გაეგო, თუ ვინ მიაწოდა ჟურნალისტებს ქურდობის შესახებ ინფორმაცია.

„წყარომ მოგვაწოდაო დამიწერეს კომენტარებში. ყველაფერს წყაროს ეძახიან, წყაროა ყველა, ვინც ინფორმაციის მატარებელი და მიმწოდებელია. მაგრამ საიდან გაჩნდა ჟურნალისტი? – ვიღაც დაინტერესებულმა პირმა დაურეკა, ოღონდ ეს დაინტერესებული პირი არ არის ამ შემთხვევაში მანქანის მეპატრონე. მეპატრონეს შეიძლება მართლა დაერეკა გაბრაზებულზე. მე ვხედავ, რომ პოლიტიკურად აპელირებულმა პირმა დაურეკა. მერე აპელირებენ, რომ თურმე დავბრუნდით შევარდნაძის დროში“, – ციტირებს „ბათუმელები“ ირაკლი  ჭეიშვილის კომენტარს.

მისივე თქმით, არსებობს ჯგუფი, რომელიც ქალაქში დადის, სურათებს იღებს და ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ ინფორმაციას ატყობინებს ტელევიზიას.

„როდესაც კარგი ხდება არ ატყობინებენ. ეს ხდება რამდენიმე წელია უკვე. წინა ხელისუფლებაში რატომღაც არ შუქდებოდა ასე“, –  ამბობს ჭეიშვილი.

ირაკლი ჭეიშვილი 2014-2016 წლებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის ნოემბრიდან ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. წლების წინ კი აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის აპარატში პრესსამსახურის უფროსად მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]