პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თმით, საპარლამენტო ტრიბუნა პირველ რიგში დამოუკიდებელ დეპუტატებს დაეთმობათ, მათ შემდეგ 15-წუთიანი რეგლამენტით ფრაქციები ისარგებლებენ, 45-45 წუთი გამოიყოფა საპარლამენტო უმცირესობისთვის და უმრავლესობისთვის. პოლიტიკური დებატები კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლებით დასრულდება.
„ხვალ იგეგმება უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტზე იერიში. ჩვენ პოლიტიკური დებატების დროს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობის წინაშეა. ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. არ მივცემთ შესაძლებლობას უმრავლესობას დადგას სპექტაკლი, სადაც შეეცდება, რომ პრეზიდენტს დააკისროს პასუხისმგებლობა იმ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად შეიქმნა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
მარგველაშვილის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე წარუდგენს. პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის თარიღი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციების საგანია.