weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიმიტრი ლორთქიფანიძე ნარკორეალიზატორებისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვს

13:03 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე ნარკოტიკების რეალიზატორებისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვს.

„1997 წლიდან სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა საქართველოში გაუქმებულ იქნა და დღეის მდგომარეობით, სანქციით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლის გადახედვაც, თავის მხრივ, კანონით დადგენილ ვადაში არის შესაძლებელი.

პრაქტიკაში კარგად გამოჩნდა, რომ ისეთი სპეციფიკური დანაშაულისთვის, როგორიც არის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება ან საზღვრებს გარედან შემოტანა (კონტრაბანდა), ასევე წარმოება, რაც თავის მხრივ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასი დივერსიული აქტია სახელმწიფოს წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქციის ფორმა და ზომა ვერ უზრუნველყოფს საჯარო-სახელმწიფოებრივ ინტერესს და მოცემული დანაშაულის კრეფსით გათვალისწინებული სტატისტიკა ამის პირდაპირი მტკიცებულებაა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში უცვლელად გვეუწყება, რომ საქართველო საერთაშორისო ნარკოტრასის მნიშვნელოვანი შემადგენელი მონაკვეთია ავღანეთ-პაკისტანიდან ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ხოლო, რაც შეეხება ბოლო დროს საქართველოში დატრიალებული დიდი ტრაგედიის მიზეზებს, რა დროსაც არაერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა ნარკოტიკების მოხმარებას ანაკლიის „კაზანტიპში“ თუ თბილისის ღამის კლუბებში, აღნიშნულის მიზეზები სხვა გარემოებებთან ერთად შეგვიძლია ვეძიოთ ბოლო 10 წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტების მიერ განხორციელებული შეწყალების ერთპიროვნული აქტების ანალიზის შედეგებიდან გამომდინარეც: ასე მაგალითად, სააკაშვილის მიერ 2011 წლის აგვისტოში შეწყალებულნი იქნენ თურქეთის მოქალაქე ნარკო დანაშაულისთვის უვადო თვისუფლებააღკვეთილი პირები, რომლებსაც თავის დროზე სარეალიზაციოდ გამზადებული რამდენიმე კილოგრამი ჰეროინი ამოუღეს. ასევე მარგველაშვილის მიერ, მისი უფლებამოსილების ვადაში განხორციელებული შეწყალების აქტი, ათეულობით ნარკორეალიზატორის სასარგებლოდ იქნა გამოყენებული, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს და ვერც ექნება!

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნარკოდანაშაულის ზრდის სწრაფი ტემპისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების დახვეწილი ტექნოლოგიების არსებული სურათის გათვალისწინებით, რასაც ეწირება ადამიანთა სიცოცხლე და დეგრადირების საფრთხე ემუქრება მომავალ თაობებს, ხომ არ გვეფიქრა საგანგებო ზომების გატარებაზე იმ ორგანიზებული დანაშაულის წევრ პირთა მიმართ, რომლებიც ეწევიან ნარკოტიკების კონტრაბანდას, დამზადება -წარმოებას და გასაღებას! სიკვდილით მოვაჭრეს - სიკვდილი!“, - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

შინაგან საქმეთა სმაინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალების 2 გამსაღებელი დააკავეს. დაკავებულები არიან 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი. ასევე, სასაზღვრო პუნქტ „კარწახში“ აზერბაიჯანის ორი მოქალაქე - 1969 წელს დაბადებული ს.ე. და 1982 წელს დაბადებული ჰ.შ. დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათი ავტომანქანის დათვალიერებისას, ავტომობილის სალონში გადამალული 1 400 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ აღმოაჩინეს. შსს-ს ცნობით, მარნეულსა და ფონიჭალაში დააკავეს 7 ნარკორეალიზატორი.

ბოლო დღეებში რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]