weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2020

კანონს, რომლითაც დაფინანსებას „მრეწველთა“ პარტიაც მიიღებს, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

17:33 პარასკევი, 11 მაისი 2018 hits 988

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელზეც ოპოზიციური პარტიები ვეტოს დადებას ითხოვდნენ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

18 აპრილის პარლამენტმა დაამტკიცა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი შესაძლოა მოიპოვონ იმ პოლიტიკურმა პარტიებმაც, რომლებსაც არჩევნებში 3%-იანი ბარიერი არ გადაულახავთ. კანონი ითვალისწინებს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების გავრცელებას ასევე იმ პარტიისთვის, რომელიც მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრით/წევრებით წარმოდგენილია პარლამენტში და ჰყავს საპარლამენტო ფრაქცია.

ცვლილებების შედეგად პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველო“, რომელსაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3%-იანი ბარიერის გადაულახაობის გამო (არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია) გაუუქმდა დაფინანსება, ისევ კვალიფიციურ პარტიად ჩაითვლება და აღუდგება სახელმწიფო დაფინანსება, ვინაიდან მათმა ერთადერთმა წარმომადგენელმა 2016 წელს პარლამენტში ფრაქცია შექმნა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „მრეწველებმა“ ამომრჩევლის ხმათა მხოლოდ 0.78% მიიღეს.

ოპოზიციური პარტიების შეფასებით, პარტიათა დაფინანსების კანონში შესული ცვლილებები ერთ პარტიაზეა მორგებული. არასამთავრობო ორგანიზაციები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებდნენ, რომ კანონი მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად საჭირო სტანდარტს და შეზღუდული სახელმწიფო რესურსის არამიზანშეწონილად გამოყენების რისკებს ზრდის.

აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებდა ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში და ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან 3%-ზე მეტს მიიღებდა.

კანონპროექტის ინიციატორები საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოდან“ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით არჩეული წევრი გია ჟორჟოლიანი იყვნენ.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის სტატუსი 20 პარტიას ჰქონდა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით საერთო ჯამში 9 739 296 ლარი მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]