„სრულ მხარადჭერას ვუცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქტიური ქმედებები უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. ასევე, მაქვს კითხვა, რომელსაც აუცილებელია პასუხი გაეცეს -
შესასწავლია, საიდან ფინანსდება ბოლო პერიოდში ნარკოტიკების პროპაგანდა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს პოპულარიზაციის გზით.
ჩვენ თითქოს ვითხოვთ ევროპულ დეკრიმინალიზაციას, მაგრამ გვინდა, ადგილობრივი, აქაური უწესრიგობა და თავნებობა. სად გინახავთ რომ სპეცოპერაცია, რომელიც ლეგიტიმურია, აქვს სასმართლო გადაწყვეტილება, აქვს მტკიცებულებები, ფაქტები, სპეცოპერაციას ატარებს ძალოვანი სტრუქტურები და საზოგადოების ერთი მცირე ნაწილი, რომელსაც არ ვიცი რა ინტერესები აქვს, ხელს უშლის.“
დეპუტატი სახელმწიფოს ორ ძირითად ვალდებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ კლუბურ ცხოვრებას არავინ ებრძვის, თუმცა ნარკოტიკების გამსაღებლებს დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ კლუბშიც და გარეთაც, სადაც არ უნდა იყოს: „ასეთი ოპერაციები ტარდება ესპანეთშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც და სხვაგან, მაგრამ არ შეიძლება, მუდმივად, ერთიდაიგივე ჯგუფი დაკავებული იყოს პოლიციელთა დისკრედიტაცითა და ხელის შეშლით, როცა ისინი ვალდებულები არიან ქვეყნის და უსაფრთხოების ინტერესები დაიცვან. სახელმწიფოს აქვს 2 ძირითადი ვალდებულება - აწარმოოს მძლავრი ანტინარკოტიკული პოლიტიკა და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადოს გამსაღებლებს. თუ ევროპული სტანდარტი გვინდა, ევროპული სტანდარტი უნდა იყოს ყველგან და ყველაფერში და არა იქ, სადაც მხოლოდ ჩვენი ვიწრო ინტერესია.
კლუბურ ცხოვრებას არავინ ებრძვის, ჩვენ ვებრძვით კლუბურ და არა მხოლოდ კლუბურ ნარკოტიკებს. კლუბები უნდა იყოს, მაგრამ ნარკოტიკების გარეშე. ჩვენ არ გვინდა იმდაგვარი ტურიზმის განვითარება, რაც ნარკოტიკებზე დაფუძნებული იქნება.
ნარკოტიკების ფონზე განვთარებული ტურიზმი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხის შემცველია. არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი, არ არსებობს ნაკლები და მცირე ზიანის მომტანი ნარკოტიკი, ყველა ნარკოტიკი მკვლელია“, - აცხადებს ხუნდაძე.