არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: თენგიზ ალმასია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), გოდერძი კუკავა („ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“) და ბაჩუკი ნარუშვილი („თავისუფალი საქართველო“).
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს.
„პირველად საქართველოში, სწორედ ცაიშში ტარდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები. ძალიან საინტერესო პროცესია, ვინაიდან ეს არის პილოტური პროექტი. ამომრჩეველზეა დიდწილად დამოკიდებული რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესში. ამ პროცესს აქვს კვლევის მიზნები, რომელიც შემდგომში შეფასდება ზოგადად საქართველოს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობების განხილვის თვალსაზრისით“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.
ცაიშის თემის სამ საარჩევნო უბანზე 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესს 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტაცია გაიარა 15 მედიასაშუალების 255-მა წარმომადგენელმა.
ცაიშის თემში შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი, გასული წლის 2 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.