weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მე ვარ გარანტი, რომ თქვენი გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება - პრემიერი

21:35 კვირა, 13 მაისი 2018

„მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ: ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს.

„გუშინ დილიდან ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს და გუშინ ქუჩაში, ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ასე ემოციურად საუბრობდნენ. გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას, ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს საზოგადოებას გაერთიანებისკენ იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია და რასაც ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანის, არაერთი ახალგაზრდის სოცოცხლე შეეწირა.

ის, რომ სახელმწიფოს ექნება ერთი მხრივ ნარკორეალიზატრორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ.

მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ: ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის მომავალი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი სრულიად სამართლიანად ამაყობს და რა  თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა თქვენი მონაპოვარიც არის, ყველა თქვენგანის.

ის, რომ ადამიანი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა.

პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა.

მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით,

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით - შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო. იმ მიზნისა, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანის სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორი საპირისპირო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე კი „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი ახალგაზრდები და აქტივისტები არიან შეკრებილი და ითხოვენ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვონ.

პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია ორივე მხრიდან პოლიციელებს აქვთ გადაკეტილი და საპირისპირო აქციების მონაწილეებს ერთმანეთთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. ვითარება საკმაოდ დაძაბულია. სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]