weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

შინაგან საქმეთა მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა

00:54 ორშაბათი, 14 მაისი 2018

„მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეებს.

გახარიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მათაც მოეხადათ ბოდიში იმ სამართალდამცავებისთვის, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. ბოდიშის მოხდაზე აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს. „კარგი, ეს თქვენი არჩევანია“, - აღნიშნა გახარიამ.

„ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა, რომ დღეს ეს საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად. ასევე, თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება აქ არავის შეუზღუდავს. ასევე, იცით, რომ თითოეული პოლიციელი დღეს აქ და გუშინაც ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. ახლა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, უბრალოდ უნდა გადავინაცვლოთ უფრო სამუშაო რეჟიმში.

მე ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ ხვალ, დილის 10 საათზე თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, რომლებსაც თქვენ აირჩევთ, დეტალურად განვიხილავთ პარასკევი დღის ყოველ წუთს და ყველა იმ ადამიანის, რომელზეც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ უფლება დაირღვა, უფლება იქნება აღდგენილი.

მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. და მესამე, ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში ისევ შევიკრიბოთ და ან ვიცეკვოთ და ან მოვუსმინოთ მუსიკას. მე მინდა გთხოვოთ, რომ დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, რათა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მეორე ან მესამე ამოცანა, რომელზეც ვისაუბრეთ, იქნება უკვე უმნიშვნელო. იმიტომ, რომ თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა აქვს მნიშვნელობა მის ორიენტაციას, რელიგიურ მრწამს თუ ასაკს.

მინდა მივმართო, ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც შეკრებილია რუსთაველის ქუჩაზე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების ის მიღწევები, რომელიც გვაქვს და არ უნდა შევიდეთ კონფლიქტში, რომელიც მხოლოდ დროს დაგვაკარგვინებს. დავემორჩილოთ ამ წუთიდან პოლიციის მითითებებს. ხვალ იმ დაპირებების გათვალისწინებით რაც იყო გაცემული ჩვენი მხრიდან, მივცეთ საშუალება თბილისს იცხოვროს ჩვეულებრივი, სამუშაო, ნორმალური ორშაბათი დღით. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დღეს დგას ქუჩაში არის ძალიან ფასეული ამ ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს, როგორ განვითარდება დაპირებების შესრულების პროცესი, შაბათისთვის კი მასშტაბური აქცია დაანონსა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, პოლიცია, წყლის ჭავლის მანქანები.

პარლამენტის შენობის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ და პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე კი „საქართველოს ეროვნული ერთობის“, „ქართული მარშის“ და სხვა ორგანიზაციების წევრი ახალგაზრდები და აქტივისტები არიან შეკრებილი და ითხოვდნენ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი დაეტოვებინათ. ისინი მეორე აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.

პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია ყველა მხრიდან პოლიციელებს აქვთ გადაკეტილი და საპირისპირო აქციების მონაწილეებს ერთმანეთთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

შს მინისტრი აქციის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ პოლიცია უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო გადაადგილებას საცხოვრებელ სახლებამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]