ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტებსა და ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.
ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტები და ევროკომისიის პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრებიან. პარლამენტში კი, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას - „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია“.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება „კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“, რომლის მუშაობაშიც მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.
26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებთან ერთად თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირებას დაესწრება.
26 მაისს, საღამოს კი, უმაღლესი რანგის სტუმრები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ნინო ანანიაშვილის, „სუხიშვილებისა“ და „ბასიანის“ მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრებიან.