weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში – მაიკ პომპეო

21:36 ორშაბათი, 21 მაისი 2018

„ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას და ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.

მაიკ პომპეოს თქმით, საქართველომ საქმით დაამტკიცა თავისი მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში და დაიცვას დასავლური ღირებულებები.

„საქართველო არის ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. ისინი თავდაუზოგავად ასრულებენ ამ მოვალეობას. 32-მა ქართველმა მებრძოლმა თავი შესწირა იქ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეს. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს საქართველოს მსხვერპლს და ჩვენ უდიდეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სიმტკიცისთვის ამ მნიშვნელოვან ერთობლივ მისიაში“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო განაგრძობენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის თანამშრომლობას გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტი მებრძოლების შემოჭრის და სახიფათო ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთის საქმეში. პომპეოს თქმით, 2016 და 2017 წლებში საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ევროატლანტიკური არჩევანი, მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ჩათვლით.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას საქართველოს უკვე 25 წლის განმავლობაში და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა და მაიკ პომპეოს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარება, ასევე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]