weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2022

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ „რუსთავი 2“-ს ბოიკოტი გამოუცხადა

11:39 შაბათი, 26 მაისი 2018

ზუგდიდის მერი და „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბოიკოტს უცხადებს.

25 მაისს ლაშა გოგიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ „რუსთავი 2“ რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას ემსახურება. მან ბიზნესმენებს მოუწოდა, არ განათავსონ რეკლამა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„თხოვნით მივმართავ ბიზნესმენებს, კომპანიების დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს: გთხოვთ, გაითვალისწინოთ საპატრიარქოს 24 მაისის განცხადება და არ განათავსოთ თქვენი რეკლამა რ2-ის ეთერში. რ2 ემსახურება რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას.

მეგობრებო, ვინც ეთანხმებით ჩემს ინიციატივას, გთხოვთ, მოიწონოთ და გააზიაროთ თქვენს გვერდზე“, - აღნიშნავდა ლაშა გოგია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც მოგვიანებით წაშალა.

რამდენიმე საათის შემდეგ ლაშა გოგიამ ახალი, განმარტებითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მისი წინა პოსტი ემოციური იყო, „აღქმული იქნა გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად“ და ამიტომ წაშალა.

„პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილე გიორგი გაბუნიას გადაცემაში. თუმცა ეს ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის პოზიციაა, რომელიც ჩემს პირად გვერდზე გავაზიარე. ვწუხვარ, თუ ეს ჩემი პირადი, ემოციური პოსტი აღქმული იქნა გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. სწორედ ამიტომ წავშალე ეს სტატუსი ჩემი პირადი ფბ გვერდიდან. ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალია და მეც, როგორც მოქალაქეს მაქვს ამის უფლება. ვიმეორებ ეს არის ჩემი, ლაშა გოგიას პოზიცია და არ გამოხატავს გუნდის პოზიციას“, - განმარტავს ზუგდიდის მერი.

„რეგინფო“ ლაშა გოგიას მოადგილეებსაც დაუკავშირდა. პირველი მოადგილის გია გულორდავას თქმით, ის „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ინტერვიუს არ მისცემს, რადგან მიაჩნია, რომ არხი ტენდენციურია და „ტყუილებს იგონებს“. ლაშა გოგიას მეორე მოადგილე მაიზერ ნანავა ამბობს, რომ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ მორწმუნე ადამიანია და დაფიქრდება, გააკეთებს თუ არა კომენტარს „რუსთავი 2“-თან.

24 მაისს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც სამღვდელოებას მოუწოდა, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან“, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქოს განცხადებით, სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და მათი ფასეულობები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ბოიკოტი გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას უშლის ხელს, აგრესიის სამიზნედ აქცევს კონკრეტულ ჟურნალისტსა და ზოგადად მთელ მედიას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]