„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში, ურთიერთობა ეკლესიასა და ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს შორის. მე მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცებთ იმისთვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ გამოსწორდება ურთიერთობა ჩვენს შორის“, – განაცხადა ილია მეორემ.
24 მაისს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც სამღვდელოებას მოუწოდა, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან“, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქოს განცხადებით, სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და მათი ფასეულობები.
საპატრიარქოს განცხადებამდე მიტროპოლიტმა იობმა ჟურნალისტი და „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ წამყვანი გიორგი გაბუნია დაწყევლა და შეაჩვენა.