weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს

15:25 სამშაბათი, 29 მაისი 2018
ფოტოზე დავით დონდუა ფოტოზე დავით დონდუა

სირიის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა.

„სირიის არაბულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების უხეში დარღვევით, აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) ე.წ. დამოუკიდებლობა.

აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება.

აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, – აღნიშნა დავით დონდუამ.

მისივე განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედებების საპასუხოდ.

სირიის ხელისუფლებამ, რომლის მთავარი მოკავშირე რუსეთია, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებით აფასებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას, რომელიც მათ სირიის წინააღმდეგ ტერორისტთა აგრესიის დროს გამოავლინეს.

სირიის გარდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]