weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამოძიებას ყველამ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ, შოთაძე სასწაულებს ვერ მოახდენს - თეა წულუკიანი

17:32 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

„ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე, ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურორი. გამოძიებას ყველამ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით.

„არა მხოლოდ მოვისმინეთ, არამედ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ჩემს გვერდით დადექითო, მე მინდა დღეს მას პირველად ვუპასუხო, რომ ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენს გვერდით. სხვაგვარად ეს ვერ იქნება იმიტომ, რომ პროკურატურა არის შექმნილი იმისთვის, რომ დაზარალებულის ინტერსები დაიცვას ბოლომდე.

ძალიან მინდა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი და გაუსაძლისი ტკივილისა, ზაზა სარალიძემ ყველა ძალისხმევა გაწიოს იმისთვის, რომ მოისმინოს, რასაც ახლა ვამბობ – მას არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე არის საქართველოს მთავარი პროკურორი. ამას არ ვიტყოდი ასე რომ არ იყოს. შესაბამისად, „გამოდი, შემხვდი ქუჩაში და საქმე ქუჩაში გამოვიძიოთ“ – ეს არის საქმე, რომელიც მკვლელობის საქმეა, უბრალოდ მკვლელობის საქმე არ არის, ეს ბავშვთა მკვლელობის საქმეა. ამიტომ, ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება. შესაბამისად, რადგან ჩვენ, დაზარალებული და სახელმწიფო ერთი ინტერესის სამსახურში ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ.

როდესაც პროკურატურამ 100-მდე მოწმე დაკითხა და აქედან გამოძიებასთან მხოლოდ ოთხი თანამშრომლობს, მოლოდინი ვერ გვექნება იმისა, რომ პროკურატურა და მათ შორის მთავარი პროკურორი სასწაულებს მოახდენს. ირაკლი შოთაძეს შეუძლია ამ 100-მდე მოწმეს ხელი მოხვიოს და ყველა ციხეში გაამწესოს და აიძულონ ისინი, რამე თქვან. ამაზე პასუხი ალბათ მარტივია, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს.

ჩვენ დაზარალებულებმა, საზოგადოებამ, პროკურატურამ და საზოგადოების ფართო სპექტრმა ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მოწმეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, წინ ძალიან ბევრი სამუშაოა, რომ სააპელაციო დონეზე გამოძიებას ახალი არგუმენტები მიეცეს.

„კიდევ ერთხელ ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ გამოძიება ვერ გამოიგონებს არგუმენტებს, რადგან ძველი დრო დამთავრდა. გამოძიებას შეუძლია ის არგუმენტები გამოიყენოს სასამართლოში, რასაც მას მოუტანენ მოწმეები. შესაბამისად, მოწმეებთან მუშაობა კიდევ ერთხელ საჭიროა და ამაში სწორედ ზაზა სარალიძეს შეუძლია ფასდაუდებელი როლი თვითონ ითამაშოს. მესმის, ეს მძიმეა. მაგრამ გამომძიებელი და პროკურორი სწორედ იმისთვისაა, რომ დაზარალებულთან ერთად მოწმეებთან იმუშაოს, მოწმეების უფლებების დაცვით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმისა და წარსულის სხვა საქმეებთან ნებისმიერი გაიგივება დაუშვებელია.

„ადრე სახელმწიფო და სახელმწიფოს მაღალჩინოსნები ჩადიოდნენ დანაშაულს და ძალადობდნენ ხალხზე, მათ შორის ბავშვებზე. აქ საქმე გვაქვს მკვლელობასთან, რომელიც ბავშვთა შორისაა ჩადენილი. ამიტომაც გამომძიებელი, რომელიც სახელმწიფოა, მას სჭირდება დახმარება ბავშვების, მშობლების, მოწმეების და ყველასი ერთად, იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დავადგინოთ. ჭეშმარიტება, რომლის მიმართაც კითხვის ნიშნები არავის გაუჩნდება, არც დასჯილს და არ დანაშაულის სავარაუდო ავტორს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]