„ეს აქცია არის მოკლული ახალგაზრდის მამის აქცია და მას აქვს ერთადერთი მიზანი - დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და ისინი, ვინც მათ ხელს აფარებდა. ამიტომ, აქციის მოთხოვნა უნდა იყოს ისეთი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელსაც უპირველეს ყოვლისა ექნება ამ ადამიანის და შემდეგ ფართო საზოგადოების ნდობა. ასეთი შეიძლება, იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელშიც უმრავლესობა და თავმჯდომარის პოზიცია ექნება საპარლამენტო ოპოზიციას. ოპოზიციაში არ იგულისხმება პატრიოტთა ალიანსი, რადგან არ არის სანდო.
გასაგებია, რომ პარლამენტში მყოფი სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართაც საზოგადოებაში არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ მათ, მინიმუმ, ის მოტივაცია აქვთ, რომ მაქსიმალურად გააშავონ ოცნება და ამის ხარჯზე მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები. ეს ნიშნავს, რომ თუ რამე დამალა „ოცნების“ პროკურატურამ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან ყველაფრის სინათლის შუქზე გამოტანას. შეიძლება, ტყუილებზეც წავიდნენ, მაგრამ ეგეც ატანადია ამ რეალობაში.
მეტი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია ამ კომისიაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც და სხდომები იყოს საჯარო.
რაც მთავარია და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია - ამ კომისიაში უნდა იყვნენ ზაზა სარალიძის ნდობით აღჭურვილი პირები. თუ ზაზა სარალიძე არ ენდობა კომისიის შემადგენლობას, ასეთ კომისიას აზრი არ აქვს (ეს პრინციპი უნდა იყოს მომავალში პროკურატურის რეფორმის ერთერთი ამოსავალი პრინციპი - დაზარალებულს უნდა ჰქონდეს პროკურორად ნებისმიერი ადამიანის არჩევის უფლება. ნებისმიერის, ვისაც ენდობა)“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქციაც ისევე დასრულდება, როგორც 13 მაისის მოვლენები: „თუ აქციის მოთხოვნები ამ ეტაპზე იქნება უფრო ზოგადი, მაგალითად სისტემის რეფორმა ან უფრო პოლიტიკური, მაგალითად, მთავრობის გადაყენება და გასცდება ზაზა სარალიძის უშუალო ინტერესს - კონკრეტული მკვლელების და ხელის დამფარებლების დასჯა - აქციაზე მოვა ნაკლები ადამიანი და შეუძლებელი იქნება რაიმე შედეგის მიღება.
თუ ხელისუფლება უარს იტყვის ასეთი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე - მაშინ ყველასთვის, მათ შორის იმათთვისაც, ვინც დღეს უფრთხის აქციაზე პოლიტიკურ მოთხოვნებს, გასაგები გახდება, რომ სისტემა ჩადგა თავდაცვით რეჟიმში და არ აპირებს დათმობას. შესაბამისად, ბუნებრივად დადგება დღის წესრიგში სხვა, პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები - მთავრობის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ასეთ შემთხვევაში ეს მოთხოვნები კი არ დააფრთხობს, არამედ, პირიქით, აქციაზე გამოიყვანს უფრო მეტ ადამიანს.
თუ ამ ლოგიკას ეთანხმებით, მაშინ გასაგებია რომ ყველა, ვინც დღეს ცდილობს გაუაზრებელი მოთხოვნები დააყენოს, აზიანებს აქციას და უსინდისოდ მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს არ ეხება ზაზა სარალიძეს“.