გორის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ 2 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „მაგ საქმეს მიხედავენ, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. პირველი - ვინ ყიყინებს და გვერდით ვინ უდგას. მეორე - არც თვითონ მყავს ეგ კაცი ანგელოზი და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგვავიწყდება ეგ კონფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკვლელობით დამთავრდა. არ ღირს მაგ საქმის შედარება იმ მკვლელობებზე, რომლებსაც ის ხალხი ახორციელებდა ვინც ეს აქციები წამოიწყო. ეგ ხალხი, ჩემო ძმაო, ყველა დასაპეპლია“.
ახალგაზრდების პროტესტის შემდეგ მერის თანაშემწემ კომენტარი წაშალა და განმარტა, რომ ის აღელვების ნიადაგზე დაწერა.
„ვალერიანის წვეთები მივუტანეთ, რადგან, როგორც ჩანს, მერიაში ემოციებს ვერ აკონტროლებენ. თანამდებობაზე არ უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც მსგავს განცხადებებს ავრცელებს. მივმართავთ გორის მერს, თუ არ გადადგება, გაუშვას თანამდებობიდან ეს პიროვნება. ეს იყო შეურაცხყოფა და ამისთვის მერიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - ციტირებს სათემო რადიო „მოზაიკა“ აქციის მონაწილეების კომენტარს.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ კახა ბლიაძის სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს: „იმის გამო, რომ თავისი აზრი დაწერა, ვერ გავათავისუფლებთ“. მისივე თქმით, ის ემიჯნება თანაშემწის პოზიციას.
გორის მუნიციპალიტეტის მერს 4 თანაშემწე ჰყავს. კახა ბლიაძე ამ პოზიციაზე 2017 წლის დეკემბრიდან მუშაობს და მისი ანაზღაურება 1000 ლარია.