weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია - განათლების მინისტრი

13:50 კვირა, 10 ივნისი 2018

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები, მაგალითად, ესკორტის და სპეციალური ნებართვის თვალსაზრისით მძღოლებისთვის, რომლებიც განახორციელებენ ასეთ ექსკურსიებს. თბილისში დაბრუნებისთანავე შევხვდები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 9 ივნისს, გომბორის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, დილით მოხდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავდა 23, აქედან 13 არასრულწლოვანია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ახლობლების თხოვნით, კატასტროფის ბრიგადებმა რამდენიმე დაშავებული თბილისში გადაიყვანეს, 8 პაციენტი კი მკურნალობას თელავში აგრძელებს. ექიმების თქმით, 23-ვე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უმრავლესობას საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

ბოლო მონაცემების მიხედვით, მიკროავტობუსით 28 ადამიანი მგზავრობდა, 14 ბავშვი და 15 სრულწლოვანი.

ერთ-ერთი დაზარალებული არასრულწლოვანი იხსენებს, რომ მძღოლი სწრაფად მოძრაობდა და მოსახვევში საჭე ვეღარ დაიმორჩილა. „მშობლებმა მას რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა, რომ ნელა ევლო, მაგრამ არ გაითვალისწინა. მოსახვევში რამდენჯერმე სცადა დამუხრუჭება და რომ მიხვდა, ვეღარ ამუხრუჭებდა, იყვირა, ვაიმე, ვაიმე, მგონი ვიღუპებითო. ყველანი ავყვირდით. სამი ბრუნი გავაკეთეთ, ფანჯრიდან გადმოვცვივდით. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს“, - ყვება ბავშვი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი, 1981 წელს დაბადებული ბ. კ. გუშინვე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეს საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველო იძიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]