weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შეიკავეთ - პრემიერ-მინისტრი

13:33 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

„ძალიან კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, მინდა, აქვე ვთქვა, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არის მიუღებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია.

„გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ.

თუ ჩვენ შევუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა. ნდობა, ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არის ის, რაზეც ემყარება ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ. სამართალდამცავებს, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არ არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები - თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსნებთ, თბილისში, 29 მაისს გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და აქტივისტს, 30 მაისს ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს. მას ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მუხთარლის ბრალად კონტრაბანდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედება.

გუშინ, აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალდება კონტრაბანდის (206 მუხლი), სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა (318 მუხლი) და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის (315.2 მუხლი) წარუდგინა.

აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]