თალაკვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურაც განიხილება.
„დღეს ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას, რომელიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. 5 საათის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ იქნება კანდიდატი, ვისაც შევარჩევთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. კანდიდატურებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები უკვე დაწყებულია. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც მმართველ პარტიას მოუწოდა, პრემიერად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის კანდიდატურა არ განიხილება და პრეზიდენტის პოლიტიკური პროგნოზი ამ შემთხვევაშიც მცდარია.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მისი თქმით, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რაზედაც პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები ჰქონდა. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთავრობის ყველა სხვა წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.
რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, ის საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო, 2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს