weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა

18:28 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ. გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური გუშინ გახდა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა

კონსტიტუციის თანახმად, 7 დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელსაც პრეზიდენტი დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს, ხოლო მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე არსებულ შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა. პარლამენტი, მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის - ანუ სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას, პრეზიდენტი 2 დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში დანიშნავს მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, მაშინ პრემიერ-მინისტრი ავტომატურად ჩაითვლება დანიშნულად.

მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ის სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო, 2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]