weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს

10:14 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

საქართველოს მთავრობა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებასა და მწვანე ინვესტიციების წახალისებას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია ახალ სამთავრობო პროგრამაში „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (2018-2020), რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს დნობის მისაღებად წარუდგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

„მწვანე ეკონომიკის დანერგვის პროცესში საქართველოს მთავრობა კონკრეტული ინიციატივებით წაახალისებს მწვანე ინვესტიციებს, ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოებას, მწვანე პროდუქციის წარმოებას, სუფთა ტრანსპორტს, მდგრადი ეკოტურიზმისა და ეკოსისტემების სერვისების განვითარებას, განახლებადი ენერგიის მოცულობის ზრდას, ენერგოეფექტიანი ღონისძიებების გატარებას, კლიმატგონივრული და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვას, ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, უნარჩენო წარმოების ხელშეწყობას, მწვანე ინოვაციური start up-ების დაარსების პოპულარიზაციას. ამასთან, აღნიშნული მიზნების განხორციელების პროცესში საქართველოს ექნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ვინაიდან გარემოს დაცვის სფეროს მართვა თითქმის ყველა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის, სამეცნიერო წრეებისა და ზოგადად მთელი საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა ხორციელდებოდეს, გარემოს დაცვის სფეროს კომპლექსური და მრავალსექტორული ხასიათის გამო, ჩვენ ვგეგმავთ ქვეყანაში ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას“, - აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში.

დოკუმენტის მიხედვით, ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი გახდება სექტორებს შორის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის პლატფორმა, ისარგებლებს მაღალი ნდობით როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მხრიდან და ის იქნება ერთგვარი გარანტი გარემოს დაცვის საკითხებზე მთავრობის, საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური თანამშრომლობისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]