პარლამენტის მიერ დროებითი მთავრობის დამტკიცების შემდეგ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც მთავრობა პარლამენტში წარადგენს, იქნება მცირე მთავრობის კონცეფცია, რაც გულისხმობს სამინისტრო ერთეულების 11 სამინისტრომდე დაყვანას.
„ჩემი პოზიცია არის ის, რომ იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში გვაქვს და ზოგადად ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვჭირდება 11 სამინისტროზე მეტი. მიმდინარეობს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში იხილავთ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ინიციატივებს. რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, ჩემი მხრიდან კანდიდატების დღეს დასახელება არასწორი იქნება. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალ კაბინეტში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები“, - აღნიშნა ბახტაძემ.
დღეს, პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. დროებითი მთავრობის შემადგენლობაში აღარ არიან მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი. საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა სამინისტროებს მათი ყოფილი მოადგილეები - დავით ზალკანიანი და გიორგი ჩერქეზიშვილი უხელმძღვანელებენ. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე კი მამუკა ბახტაძის ნაცვლად, მისი ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა იმუშავებს. მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელი დარჩა.
მამუკა ბახტაძის თქმით, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.