შპს „საქაერონავიგაციის“ დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციას შეატყობინა, რომ სირიულ ავიაკომპანიებს Syrian Air-სა და Cham Wings-ს საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლებას აღარ მისცემს. მეზვრიშვილის თქმით, საქართველოს საჰაერო სივრცე ნებისმიერი სირიული ავიაკომპანიისთვის იქნება დახურული.
ავიაკომპანიები Syrian Air და Cham Wings საქართველოს საჰაერო სივრცეს კვირაში ორჯერ კვეთდნენ და სირიიდან რუსეთის ქალაქების მიმართულებით დაფრინავდნენ. ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლებას არც თურქეთი აძლევს, რის გამოც იძულებულნი არიან, უფრო გრძელი გზით, აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით იფრინონ, რაც მოსკოვსა და დამასკოს შორის ფრენის დროს 30 წუთით ზრდის.
სააგენტო „როიტერმა“ აპრილში გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ავიაკომპანია Cham Wings-ის ჩარტერულ რეისებს, რომლებიც როსტოვიდან სრულდება, სირიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიების დაქირავებული მებრძოლები გადაჰყავს, რომლებიც იქ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარეს იბრძვიან.
კრემლის მტკიცებით, დაქირავებულ მებრძოლებს რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვთ, თუმცა „როიტერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ Cham Wings-ის რეისით როსტოვში დაბრუნებული მამაკაცები ავტობუსებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე მიდიოდნენ.
29 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ აღიარა და მათთან ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ განაცხადა. ქვეყნის საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ ამ გადაწყვეტილებით აფასებენ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მხარდაჭერას, რომელიც მათ სირიის წინააღმდეგ ტერორისტთა აგრესიის დროს გამოავლინეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.