„მიხეილ ბატიაშვილი ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში. მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბატიაშვილის წარდგენისას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა განათლების სისტემაში არის 5-დონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი განათლების, სკოლის განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას.
„დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, განათლების ხუთივე საფეხურზე გატარდება ძირეული რეფორმები, რომელიც შექმინის ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ახალ სისტემას.
„ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში. ვფიქრობთ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, ისე ყველა ამ სფეროში გატარდება ძირეული რეფორმები, რომლებიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
მთავრობის ახალ შემადგენლობაში 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი იქნება. მინისტრთა განახლებული კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტს წარედგინება.