weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, შესაბამისი კანონმდებლობა - პრემიერი

12:04 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

„ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. ეს ბევრ საწარმოში არ იყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს, ადამიანის უფლებებით დაწყებული, მომხმარებელთა უფლებების დაცვით, მათ შორის, რა თქმა უნდა შრომის პირობებით დასრულებული.

ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სტანდარტები, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. 1-ლი აგვისტოდან პროფილური სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს იწყებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეში შეიძლება შევცვალოთ ის ძალიან მძიმე სტატუს-კვო, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ამის დაწყება და პრინციპული გატარება მნიშვნელოვანია, რასაც ევროპელი დონორების მხარდაჭერით აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კომპანია „საქნახშირთან“ და იმ პერიოდში, როდესაც ტყიბულის 25-ვე შახტი დახურული იქნება, იქ დასაქმებული ადამიანები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტყიბულში ყველა შახტი დაიხურება. ადამიანის და მოქალაქის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას. ეს შახტები დაიხურება მანამ, ვიდრე სრულფასოვნად არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი ძიება, ასევე - საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტიზა ამ შახტების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, აუცილებლად დავადგენთ, შეასრულა თუ არა კომპანიამ აქამდე გაცემული რეკომენდაციები. ამ მიმართულებით, შესაბამისი დავალებები მიცემული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლებსაც ისინი აუცილებლად შეასრულებენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გამთენიისას, შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]