არჩილ თალაკვაძემ შეაფასა გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, როგორი კანდიდატი დაასახელოს.
„აწყობთ, ჩემგან მოისმინონ, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაში ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი, რბილი იქნება კანდიდატი, ის არავის არ შეეპასუხება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით იქნება დაკავებული. შეიძლება ისეთ შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს. ასეთ კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ღირსეული უნდა დააყენონ, რომ მე დამიპირისპირდეს. მე მელოდებიან და ვეხმარები, რომ ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, ღირსეული იპოვონ თავის რიგებში, ისეთი, როგორიც მოიგებს თუ წააგებს, ღირსებით იქნება სავსე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტს უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში არაერთი ადამიანია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში გამარჯვება შეუძლია.
„პრეზიდენტს საქმიანობისთვის რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი და ინტერესით ველოდები, როცა თავის საქმიანობასა და გაკეთებულ საქმეებს შეაჯამებს.
პრაქტიკულად, პრეზიდენტმა თქვა, რომ დედამიწა მის გარშემო ტრიალებს. შესაძლოა, პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსია, რომელიც შეიძლება მის გარშემო მართლაც ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა, ეკონომიკა და ყველაფერი მის გარშემო ნამდვილად არ ტრიალებს.
ვფიქრობ, რომ მას ეს განცხადებები მხოლოდ იმისთვის დასჭირდა, რომ წინ საკუთარი პიროვნება ან კანდიდატურა წამოსწიოს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
თალაკვაძის თქმით, პარტია არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში გაახმაურებს.