პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის საკითხი მთავარი კითხვაა, მაგრამ ამ ეტაპზე მასზე პასუხის გაცემას არ აპირებს, რითიც „ქართულ ოცნებას“ ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენაში ეხმარება.
„ახლა ყველაზე მეტად აწყობთ, ვთქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი და ჭკვიანი იქნება, აქ (სასახლეში) იმ კანდიდატს ვერ ნახავთ, ვეტოს ის კანდიდატი არ გამოიყენებს, არავის არ შეეპასუხება, იქნება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით დაკავებული, მაგრამ შეიძლება ისეთი შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს. ახლა ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, რათა მე დამიპირისპირდეს“, – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში გაახმაურებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში არაერთი ადამიანია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში გამარჯვება შეუძლია.