უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რიჟვაძეს კითხვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასმათ დიასამიძემ დაუსვა.
„აჭარა არის მულტიკულტურული და მულტირელიგიური რეგიონი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა აღმსარებლობის, მიმდევრის უფლება და თავისუფლება. საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე ახლო მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას. დეტალები ადგილმდებარეობის, მეჩეთის არქიტექტურის თაობაზე ასევე კონსენსუსის საფუძველზე დაზუსტდება“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
მისივე თქმით, მეჩეთის მშენებლობა შესაძლებელი გახდება როგორც ბიუჯეტიდან დაფინანსებით, ისე მეცენატების დახმარებით.
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე დღეს აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებენ, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობაა საჭირო. უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრია, საიდანაც „ქართული ოცნება“ 14 მანდატს ფლობს. ცნობილია, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ თორნიკე რიჟვაძეს მხარს არ დაუჭერს.