დავით ბაქრაძის თქმით, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ქართველ ემიგრანტებს უცხოეთში ლეგალურად შრომის შესაძლებლობა მიეცემათ.
„ერთ-ერთი მთავარი, რასაც გავაკეთებ ყველა უცხოურ ვიზიტზე, ყველა მეგობარი სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრის დროს, იქნება შრომითი ბაზრების გახსნა, სამუშაო კვოტების გამოყოფა იქ მყოფი ქართველებისთვის, რომ ყველა ქართველს, ვინც მუშაობს უცხოეთში ჰქონდეს ლეგალური სამსახური, გარანტირებული ხელფასი და სამედიცინო დაზღვევა. საქართველოს პრეზიდენტს ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია მონდომების, ხედვის და მუშაობის შემთხვევაში. ეს იქნება პრიორიტეტი, რომ 100 ათასობით ოჯახი, რომელსაც დღეს არჩენენ უცხოეთში სამუშაოდ წასული ჩვენი თანამემამულეები, ცხოვრობდეს უკეთესად“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის კიდევ ერთი მთავარი დაპირება ქართველი ახალგაზრდებისთვის უცხოეთში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობაა.
„პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვიღებ ვალდებულებას, რომ ვიქნები ჩვენი ახალგაზრდების მთავარი ლობისტი უცხოეთის ყველა სასწავლებლის რექტორთან შეხვედრის დროს. იმისთვის, რომ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში გაიზარდოს კვოტები და მეტ ქართველ ახალგაზრდას ჰქონდეს საშუალება უცხოეთში ისწავლოს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მინიმუმ ნახევარი დაიხარჯება უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების დასაფინანსებლად“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, პრიორიტეტი იქნება საქართველოს ღირსეულად წარდგენა უცხოეთში, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, დეოკუპაცია და მეტი ინვესტორის შემოყვანა მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.
დავით ბაქრაძე ამომრჩევლებს პრენსიის გაზრდასაც დაპირდა: „პენსიის გაზრდა არ არის პრეზიდენტის ფუნქცია, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდი და თუ საზოგადოება ნდობას გამომიცხადებს, საზოგადოების ნდობასთან და საპარლამენტო გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ პენსიის გაზრდას და უკეთესი სოციალური სისტემის შემოღებას“.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.
დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატი ერთხელ უკვე იყო - 2013 წლის არჩევნებში ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მონაწილეობდა, თუმცა გიორგი მარგველაშვილთან დამარცხდა. ცესკო-ს საბოლოო შედეგების მიხედვით გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,12% მოიპოვა, დავით ბაქრაძემ - 21, 72%.