„ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. განსაკუთრებით, როცა იმ კანდიდატებს ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა - ქალია, გამოცდილია, ბევრი პოლიტიკური სიძნელე გადაულახავს. ის ძალიან რთულ, სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში იყო გაბედული, ფრონტის წინა ხაზზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსმა რა გზა გაიარა. განმსაზღვრელი არ არის, ვინ როგორ იღიმება და ვის როგორ მოსწონს ან არ მოსწონს. განმსაზღვრელი არის ბიოგრაფია, განვლილი გზა და სახელმწიფოებრივი ხედვა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბესელიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიმართა საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის თაობაზე.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას აპირებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.