დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არ მიიღო მისი წინადადება გაერთიანების შესახებ, რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნებში თავად მიიღებს მონაწილეობას.
„ჩემი და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა ასეთი შეთანხმებით, რომ მე ვაგრძელებ საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში მონაწილეობას.
ჩემი გადაწყვეტილება არის საბოლოო და სხვა არავის გადაწყვეტილებაზე აღარ არის დამოკიდებული. მე ქართველი ამომრჩეველი ოქტომბერში საარჩევნო ბიულეტენში მიხილავს.
ჩვენი შეჯერებული პოზიციის მეორე ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ გიორგი რჩება იმ პოზიციაზე, რომ ის არ არის დაინტერესებული პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით, ისევე როგორც, თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი განვლო სწორედ არაპარტიულ, არაპოლიტიკურ, მაგრამ საზოგადოებრივად აქტიურ პოცესებში. ვინაიდან მას პარტიული საქმანობა ვერ წარმოუდგენია, მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობასაც, ამ ტვირთასაც იმისათვის, რომ ეს საქმე გაგრძელდეს და მივიდეს წარმატებულ შედეგამდე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ის 2018 წლის არჩევნებზე მიდის აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ შეუძლია არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ კარგი პრეზიდენტობა.
„ან პირიქით შეგვიძლია დავსვათ საკითხი - კარგი პრეზიდენტობა შემიძლია და ამიტომ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლო“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ივლისის დასაწყისში დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება შესთავაზა.