„1990 წლის 28 ოქტომბერს სრულიად უთანასწორო არჩევნებში, ეროვნულმა მოძრაობამ დაამარცხა კომუნისტური პარტია და სწორედ ამ გამარჯვებამ გაუხსნა გზა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ.
2018 წლის 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩამოიფერთხავს თავისი სხეულიდან წურბელებს,ხელიდან დაუსხლტდება ურჩხულს და ამოვა ჭაობიდან. დაადგება წარმატების გზას. გიორგობის დღის აღსანიშნავად კი, იქვე, საკუთარი სახლიდან პრეზიდენტის სასახლეში ფეხით გადავლენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე და პირველი ქალბატონი ნინო ანანიაშვილი.
მიყვარს ისტორიული დამთხვევები და პარალელები“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების ჩატარების თარიღად 28 ოქტომბერი დღეს დაასახელა. ამ დროისთვის პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი: „ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრის დავით ბაქრაძე, ოპოზიციური გაერთიანებიდან - გრიგოლ ვაშაძე, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან“ - შალვა ნათელაშვილი, „შენების მოძრაობიდან“ - დავით უსუფაშვილი. საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია „ქართულ ოცნებას“. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას აპირებს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს „ქართულ ოცნება“. რაც შეეხება არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობას, როგორც მან განაცხადა, ამ საკითხზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.