„სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნია სახელმწიფო სისტემისთვის და ქვეყნის მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, კონსულტაციების მიზანი უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება.
პრეზიდენტის განცხადებით, ნინო გვენეტაძის გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომელთა შესახებაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ავტორიტეტული იუსრისტები და ამ დარგის სპრციალისტები საუბრობდნენ.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ განსაკუთრებით რთული ხდება, თუ თვალს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდნენ.
„არაერთი მოსამართლე, ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც სასამართლო სისტემაშია. იგივე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან. მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი არის ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ნინო გვენეტაძე 2 აგვისტოს გადადგა. ამის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დაასახელა.