weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს

09:51 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

„მსჯელობის საფუძველზე, საერთო თანხმობით, მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, საპარლამენტო დემოკრატიაში პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური და ზეპარტიული უმაღლესი თანამდებობის პირი უნდა იყოს, რომელიც პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ერთვება.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ხალხის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას;

ამ სისტემაში, პრეზიდენტს არა აქვს მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლება და მას, არსებითად, ეკისრება წარმომადგენლობითი ფუნქციები. საპარლამენტო სისტემაში, პრეზიდენტი არც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას და არც ახორციელებს მას, იგი ვერ წარდგება პოლიტიკური პროგრამით საზოგადოების წინაშე. საპარლამენტო დემოკრატიაში, პრეზიდენტი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ზეპარტიული უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც არ ერთვება პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში, არამედ თვალყურს ადევნებს და ობიექტურად აფასებს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს;

პრეზიდენტის პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის პირობებში, პრეზიდენტს გაუჭირდება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციის სათანადოდ შესრულება;

პრეზიდენტის პოსტზე, „ქართული ოცნების“ პარტიული კანდიდატის არჩევა მით უფრო არასასურველია დღეს, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობის ორგანოებში და ფლობს პოლიტიკის განსაზღვრისა და აღსრულების ძლიერ ბერკეტებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია აცნობიერებს პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე და ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია ექნება.

„ჩვენ შესაძლოა ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს, ან შესაძლოა სულაც უარი ვთქვათ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, თუ აშკარა იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული და დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით, როდესაც დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრი“,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პრეზიდენტის ინსტიტუტის განვითარების სწორი ტრადიციის ჩამოყალიბებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]