weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თეა წულუკიანი - ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, ომი დაიწყო რუსეთმა

17:40 ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018

„რაც შეეხება აგვისტოს ომს, ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი. ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მისი მთავრობა და მთავრობის სახელით იუსტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი: რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ, მაისში, სტრასბურგში ღია სხდომაზე წარადგინა რადარის მონაცემები, სადაც მთელი ქართული საჰაერო სივრცესავსეა რუსული თვითმფრინავებით და იქ არცერთი ქართული თვითმფრინავი არ არის.

„ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა სამხედრო და სამოქალაქო ხასიათის მტკიცებულებაც, რითაც დასტურდება, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის, ტერიტორიებზე და არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში. ჩვენ, ქართულმა მხარემ, რეალურად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ, თუნდაც, დროულად მომხდარიყო კონფლიქტის ხაზიდან უკანდახევა, რათა უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო აცილებული თავიდან. მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ საქართველოს ისტორიაში სულ მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. აქამდე ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური და მაღალი დონის დოკუმენტები გვაქვს. ახლა საჭიროა, გვქონდეს სასამართლო ხასიათის დოკუმენტიც, რაც შემდეგ მომავალ თაობებს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამიტომაც, ეს არის ის პოზიცია, რომელსაც მე ვიზიარებ, რომელზეც მყარად დგას ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური მმართველი გუნდი და პარტია. და დღეს მე არ ვაპირებ, რაიმე კომენტარი გავაკეთო ნებისმიერ ისეთ განცხადებაზე, რომელიც, თუნდაც, ოდნავ განსხვავდება ამ პოზიციისგან; რომელიც არის ქართველი ხალხის და, თუნდაც, იმ ქალების პოზიცია, რომელთაც დღეს ჩვენ აქ ვხვდებით, ტყვიავში და არიან ომით დაზარალებულნი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ქალებთან, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

მათთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილემ აგვისტოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიზნით საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე ისაუბრეს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებს იძიებს, რათა გამოვლენილ და დასჯილ იქნენ დამნაშავეები ქართველების ეთნიკურ წმენდაში, ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასა და მკვლელობაში.

მინისტრმა და მისმა მოადგილემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის შესახებაც ისაუბრეს, რომლის თაობაზეც დასკვნითი სხდომა სტრასბურგში 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის შემდეგ სასამართლოს 700-ზე მეტი მტკიცებულება წარუდგინა, რომლებიც ეთნიკური ქართველების წმენდის, წამების, საკუთრების განადგურებისა და სხვა უფლებების მასობრივ დარღვევებს ადასტურებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]