როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა: „კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით ჯერ კონტურები არ გამოკვეთილა, მაგრამ ძალიან კარგი დიალოგი იყო დღეს ამ ადამიანებთან, ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, თუ პროცესი ამ მოკლე დროში როგორ წარიმართოს ეფექტიანად. იყო ძალიან საინტერესო, ეს ადამიანები რამდენად კარგად ხედავენ შექმნილ სირთულეებს სასამართლო სისტემაში, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ეს შანსი, რომელიც არის დღეს გაჩენილი უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევისა, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და, რომ ეს შესაძლებლობა გვაძლევს და გამოწვევაც არის თითოეული ჩვენგანისთვის, რომ შევარჩიოთ და პარლამენტს წარვუდგინოთ და მივიღოთ მხარდაჭერა ისეთ კანდიდატზე, რომელიც ამ თითქოს უკვე უიმედო, ჩიხურ სიტუაციაში იმედის სხივს გააჩენს სასამართლო სისტემაში პროცესის გაჯანსაღებისას.“
პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. კონსულტაციები მომავალ კვირაში ადვოკატთა ასოციაციასთან, სახალხო დამცველთან, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებით გაგრძელდება.