ცესკოს დადგენილების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია.
დაახლოებით ერთი კვირის წინ ზურაბ ჯაფარიძეს „გირჩის“ სახელით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, ამის მიზეზი გახდა კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, იმისთვის, რომ კანდიდატს პარტიის სახელით კენჭი ეყარა, საჭირო იყო პარტია წინა არჩევნებში რეგისტრირებული ყოფილიყო. „გირჩს“ კი წინა არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
მას შემდეგ, რაც „გირჩის“ სახელით კენჭისყრაზე უარი ეთქვა, ზურაბ ჯაფარიძემ იუსტიციის სამინისტროს საკუთარი სახელის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. საარჩევნო ბიულეტენში პარტიის სახელის დასაფიქსირებლად, ჯაფარიძემ ე.წ. შუა სახელად „გირჩის“ ჩამატება და სახელის ზურაბ გირჩი ჯაფარიძედ შეცვლა მოითხოვა.