როგორც ბაჩუკი ქარდავამ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, ეს იყო არა ქურდობა, არამედ პოლიტიკური აქცია, რომელსაც „გარკვეული მიზეზები ჰქონდა“.
„მაინც არ მჯერა, რომ ეს იყო ქურდობა. ოფისში დატოვებულია ბევრად უფრო ძვირადღირებული 12 კომპიუტერი. ერთ-ერთში რომელიც წაიღეს, ინახებოდა მთელი მედია მონიტორინგი და ანალიტიკა, ხოლო ორში საქართველოს მასშტაბით მთელი საარჩევნო ბაზა. შესული ვართ საარჩევნო რეჟიმში. სწორედ ამ ოფისში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა და ახალი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ჩამოყალიბების პროცესი“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცველები მომხდარის გამოძიებას მარტივად შეძლებენ, ვინაიდან შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი სათვალთვალო კამერაა.
„სადღაც ცხრა საათისთვის გავიდა ბოლო თანამშრომელი, აქ არავინ არ იყო. უბრალოდ, არ ვიცით კიდევ იყო თუ არა ვინმე შენობაში, რადგან პირველ და მესამე სართულებზე საპატრიარქოს ფონდის და ახალგაზრდული მოძრაობის ოფისია“, - ამბობს პარტიის წევრი ზურაბ ღონღაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.