weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ახალი გუბერნატორები

13:02 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ დანიშნული შვიდი ახალი გუბერნატორიდან სამს - შალვა კერესელიძეს, გიორგი ხოჯევანიშვილს და ალექსანდრე მოწერელიას თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვთ. ისინი ამავდროულად სხვადასხვა კომპანიებში დირექტორის თანამდებობას იკავებენ. გარდა ამისა, შალვა კერესელიძესა და შოთა რეხვიაშვილს ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული არ აქვთ, რომ კომპანიებში წილს ფლობენ.

ახალი გუბერნატორების ქონებისა და ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გაავრცელა.

მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი შალვა კერესელიძე 1996 წლიდან სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობდა, გუბერნატორად დანიშვნამდე კი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. შალვა კერესელიძე, 2018 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის სამ ნაკვეთს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ორ ბინას და ავტოფარეხს თბილისში, ასევე სახლს ქალაქ დუშეთში. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შალვა კერესელიძე არის შპს „შაკოს” (ს/კ 229282736) მეწილე და დირექტორი, თუმცა მას ეს ინფორმაცია დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი 1995-2013 წლებში საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. შოთა რეხვიაშვილი და მისი ოჯახის წევრები 2018 წლის აგვისტოში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობენ მიწის სამ ნაკვეთს წავკისსა და ონში, ორ საცხოვრებელ და ერთ მშენებარე სახლს თბილისში. შოთა რეხვიაშვილს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი შპს „აგროგორის“ 50%-იანი წილის მფლობელია.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი გუბერნატორად დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2018 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს მიწის ოთხ ნაკვეთსა და აგარაკს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ბინასა და ავტოფარეხს თბილისში.

შიდა ქართლის გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილს 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, შემდგომ კი კომპანია „მაგთიკომში“ მუშაობდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ხოჯევანიშვილი ამჟამად შპს „ჯეო ფრუტის“ დირექტორია, ასევე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს „ფრუტ ექსპორტ კომპანი“ - 100%; შპს „ჯი ენ კა გრუპი“ - 75%; შპს „ჯეო ფრუტ პროდაქშენი“ - 50%; შპს „ვესტს ლოჯისტიკს“ - 15%; შპს „გაზლენდი“ - 100%; შპს „დეკერს ჯორჯია“ - 20%; შპს „მაქსიმუმი“ - 50%; გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე ფლობს ბინას და მიწის ნაკვეთს ქალაქ თბილისში.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის პოზიციას იკავებდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, იგი ფლობს მშენებარე ბინას ქალაქ თბილისში. შავლეგო ტაბატაძის მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ხაშურში, არასაცხოვრებელი ფართი რუსთავში.

ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშვნამდე „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოწერელია ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს „ქაპ ჯორჯია“ - 49% წილის მფლობელი და დირექტორი; შპს „ფიმა ჯორჯია“ - 50% წილის მფლობელი; შპს „აერკომპანი“ - 16.34% წილის მფლობელი. ალექსანდრე მოწერელია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ. მეტრამდე).

ზურაბ ნასარაია გურიის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ პარტიული სიით. ნასარაიამ 2016 წელს პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 6 000 ლარი შესწირა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ ნასარაია ფლობს ბინას თბილისში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს შალვა კერესელიძეს, გიორგი ხოჯევანიშვილსა და ალექსანდრე მოწერელიას, 10 დღის ვადაში დატოვონ სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი პოზიციები; ასევე, შალვა კერესელიძეს, გიორგი ხოჯევანიშვილს, ალექსანდრე მოწერელიას და შოთა რეხვიაშვილს - კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, შესაბამის სამეწარმეო სუბიექტებში კუთვნილი წილები მინდობით გადასცენ სხვა პირებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ვადით.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, გამოვლენილი პრობლემური გარემოებების გათვალისწინებით, შეისწავლოს შალვა კერესელიძის და შოთა რეხვიაშვილის მიერ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციები; ასევე, გააკონტროლოს ახალდანიშნული გუბერნატორების მიერ ქონებრივი დეკლარაციების დროულად წარდგენის პროცესი და მათი შესაბამისობა თანამდებობის პირების სამეწარმეო და ქონებრივ მდგომარეობასთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]