weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა, ჩვენც იგივე მომავალს ვიმედოვნებთ – პრეზიდენტი

23:45 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018

„როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი, ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი. ჩვენ საქართველოსთვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ გზაზე გერმანიის სახით გვყავს საუკეთესო მეგობარი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრაზე.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, წლების მანძილზე გერმანია საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო და დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე, საქართველოს განვითარებისთვის ლიდერობა გერმანელებმა ითავეს.

შეხვედრაზე ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ბოლო ათ წელში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია. „მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილსა და ანგელა მერკელს შორის შეხვედრის უმთავრესი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ანგელა მერკელმა ცხადად ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე, როგორც პრობლემაზე.

„კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტაში და ის ამის დასადასტურებლად ხვალ გაემგზავრება ოკუპაციის ხაზზე, როგორც მან თავად აღნიშნა. საუბარში ნათლად იყო დაფიქსირებული ის პოზიცია, რომ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე მიუღებელია ის, რაც მოხდა ათი წლის წინ და რომ არასდროს გერმანია ამას არ შეეგუება. მერკელმა ცალსახად ისაუბრა, რომ გერმანია ყოველ ღონეს იხმარს, რათა შეჩერდეს ის, რაც ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, შეიცვალოს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ და ყოველ ღონეს იხმარენ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა შეწყდეს“, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მხარეებმა შეხვედრისას ასევე განიხილეს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ანგელა მერკელის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრამდე ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]