„ჩვენი მხარდაჭერა +/-50 პროცენტია და ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს და ასევე არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს, ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები. აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის შანსი, რომ პირველ ტურში აიღონ 15-20%-ზე მეტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, 8 სექტემბრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში.
„ჩვენ შეგვეძლო გაგვეთამაშებინა სცენარი, წარგვედგინა ჩვენი დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც პროცესში ხელოვნური ჩარევა იქნებოდა და ეს იქნებოდა არასწორი. ასე, რომ ჩვენ ველოდებით პროცესების განვითარებას, ველოდებით 8 სექტემბერს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით თუ კანდიდატების რა სპექტრი ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს რეგისტაციისთვის პრეზიდენტობის მსურველმა 31 კანდიდატმა მიმართა. პოლიტიკურ სუბიექტებს და საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატების წარსადგენად ვადა 8 სექტემბრამდე აქვთ.