სააგენტოს კორესპონდენტის ცნობით, საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლის გამარტივებაზე საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა კიევში, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-კლუბში ისაუბრა.
„შეთანხმების ტექსტი უკვე ოფიციალურად გადაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ახლა მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ხელმოწერის შესახებ და კონკრეტულ პირს ამ შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება მიანიჭოს“, – განაცხადა დოლგოვმა.
„უნიანის“ ცნობით, შეთანხმების გაფორმებას მხარეები ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ორი ქვეყნის დელეგაციების ვიზიტისას აპირებენ.
გაეროს უახლოესი, გენერალური ასამბლეის რიგით 73-ე სესია 18 სექტემბერს გაიხსნება და თვის ბოლომდე დაიხურება.
ამჟამად საქართველოსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, თუმცა საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი სჭირდებათ.